Thursday, March 25, 2010

მწვანე მონასტერი


ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ თუ მარჯვნივ გადავუხვევთ, ვიწრო, დაბურული ხეობა ფოთლოვანი ტყის შუაგულში, ორიოდე კილომეტრის სიღრმეში მდებარე მწვანე მონასტერთან მიგიყვანთ; რომელსაც თამამად შეგვიძლია, მწვანე სამოთხე ვუწოდოთ. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ. ფეხით მიმავალმა გზად შეიძლება გარეული ნადირის ხმაც მოისმინოთ. IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და ტევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს.